
გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა – სირსკი
27/03/2023 13:21:49 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ კვლავ მოინახულა ბახმუტი, დაათვალიერა უკრაინის სამხედროთა პოზიციები და განაცხადა, რომ გრძელდება ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ფაზა.
„სიტუაცია სტაბილურად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ განაგრძობს საიერიშო მოქმედებებს,“ განაცხადა სირსკიმ და დასძნა, „ჩვენ ვანგარიშობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და შექმნილი ვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ.“
რუსული ჯარები გასული წლის ზაფხულიდან ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა უშედეგოდ. შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის დასაწყისიდან გაააქტიურეს.
ორი დღის წინ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ თავის ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ ბახმუტში რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეჩერდა და რომ, როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში რუსეთის ჯარების უკიდურესი გამოფიტვის ნიშანია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებაზე შემცირდა საბრძოლო შეტაკებები, მაგრამ ეს რაიონი რუსეთის ჯარების მთავარი იერიშის მიმართულებად რჩება.
საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, ბახმუტში რჩება დაახლოებით 3500 სამოქალაქო პირი, მათ შორის - 32 ბავშვი.