
ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად
27/03/2023 14:08:23 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.
„ზაპოროჟიეს ოლქი. მოწინავე პოზიციები. პატივია აქ ყოფნა, ჩვენი მეომრების გვერდით. უკრაინის ყოველ მეომარს მადლობას ვუხდი უკრაინის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი ბავშვების დაცვისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“– წერია პრეზიდენტის არხზე ტელეგრამში.
ოლქი ამჟამად ნაწილობრივ ოკუპირებულია. რუსმა სამხედროებმა მოახერხეს ენერგოდარის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კვლავაც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. რუსეთის ჯარები რეგულარულად უშენენ მას რაკეტებს.
ზაპოროჟიეში ზელენსკი შეხვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის. მათ ერთად მოინახულეს დნეპროჰესი.
„დნეპრის ჰიდროელექტროსადგური განუყოფელი ნაწილია სისტემისა, რომელიც უზრუნველყოფს ზაპოროჟიეს აესის უსაფრთხოებას. ვლადიმირ ზელენსკიმ მაჩვენა კაშხლისთვის ახლახან მიყენებული ზარალი,“ – დაწერა "ტვიტერში" გროსიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გროსი მეორედ ჩადის ზაპოროჟიეს აესის მოსანახულებლად. ელექტროსადგური შარშან მარტიდან რუსეთის ჯარების ხელშია.