Accentnews.ge
ფართომასშტაბიანი გამოსვლების შემდეგ ნეთანიაჰუმ სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეაჩერა

ფართომასშტაბიანი გამოსვლების შემდეგ ნეთანიაჰუმ სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეაჩერა

27/03/2023 17:35:06 მსოფლიო

ფართომასშტაბიანი გამოსვლების შემდეგ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სადავო სასამართლო რეფორმის გატარება შეაჩერა.

მისი თქმით, "ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შესახებ იცის" და "ხალხის ხმას უსმენს".

"ისრაელის სახელმწიფო ვერ გააგრძელებს ცხოვრებას იმ ადამიანებთან, რომლებიც უარს ამბობენ ჯარში სამსახურზე. ამაზე უარის თქმა ჩვენი ქვეყნის დასასრულია. ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის გამო, მე გადავწყვიტე გადავადო კენჭისყრა, რათა მეტი დრო დავუთმო დისკუსიას”, - განაცხადა მან.

როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი.

ისრაელში სამი თვეა, მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.

ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.

26 მარტს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

თავდაცვის მინისტრის გადაყენებას წუხელ ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S