
ინგუშეთში პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები
28/03/2023 08:25:26 კავკასია
28 მარტის ღამეს ინგუშეთში, ნაზრანოვსკის რაიონში უცნობმა პირებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განმარტა, რომ ინციდენტის შედეგად უშიშროების ორი თანამშრომელი დაიჭრა, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სროლა, სავარაუდოდ, ავტომატური იარაღიდან განხორციელდა. თავდასხმა მოხდა დაახლოებით შუაღამისას სოფელ კანტიშევოს მახლობლად გზაჯვარედინზე, სადაც მდებარეობს განყოფილება „ვოლგა–14“, – აკონკრეტებს ტელეგრამ–არხი The Magas Times.
ტელეგრამის–არხ Mash Gor-ის ცნობით, თავდამსხმელი სულ მცირე სამი იყო, ისინი ვერცხლისფერი VAZ-21099–ით გადაადგილდებოდნენ.
როგორც იუწყებიან, პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელთა შორისაც არიან დაჭრილები. მათ თავი ტყეს შეაფარეს.
მანამდე, 27 მარტს, Magas Times-ის ცნობით, ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა რესპუბლიკის სამი მკვიდრი, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. ესენი არიან ნაზრანოვსკის რაიონის სოფელ კანტიშევოს და მალგობეკის მკვიდრები.
საორიენტაციო შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ისინი ვერცხლისფერი VAZ-21099–ით გადაადგილდებოდნენ და შესაძლოა, თან ჰქონოდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.უშიშროების ძალებთან დაკავშირებული "Розыск Ингушетия" იუწყებოდა, რომ ეჭვმიტანილებმა წინა დღეს დატოვეს საცხოვრებელი ადგილი და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცნენ.