"ოცნება" - "ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უკიდურესად ტენდენციურია, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ"
28/03/2023 10:30:20 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "იგი ტენდენციურია".
"ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური. ამის მაგალითია გუშინ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგი, რომელიც ძალიან ტენდენციური იყო. ასევე [სალომე ზურაბიშვილის] უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას. რასაც ობიექტურად იტყვის, ამაზე აუცილებლად ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზეც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთ. მარტივი ამბავია“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევლენ.
„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ხელისუფლება აგულიანებს მოძალადეს!".


