
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს
28/03/2023 19:52:02 ევროპა
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი უცხოელი დააკავეს. ისინი სავარაუდოდ, უკრაინაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების მარშრუტის მონიტორინგს ახორციელებდნენ–, იტყობინება სააგენტო PAP პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრის მოადგილეზე სტანისლავ ჟარინზე დაყრდნობით.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები იყვნენ ჯაშუშური ქსელის წევრები, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. სადაზვერვო სამსახურები თვლიან, რომ მათ დაამონტაჟეს ფარული კამერები რკინიგზაზე, რომელიც აკავშირებდა ჟეზოვის აეროპორტსა და სადგურს უკრაინის საზღვართან: ამ მარშრუტზე გადის დასავლელი მოკავშირეების სამხედრო ტექნიკა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები კიევში იმავე მარშრუტით ჩავიდნენ.
ჯამში ამ საქმის ფარგლებში 12 პირი დააკავეს, მათგან ექვსის დაკავების შესახებ 15 მარტს გახდა ცნობილი. როგორც იუწყებიან,დაკავებულები ვარშავის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ - ამ ბრალდების დეტალები არ ვრცელდება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, პოლონეთის კონტრდაზვერვამ დააკავა სულ მცირე 23 ადამიანი მოსკოვისა და მინსკისთვის მუშაობის ბრალდებით. ყველაზე ხშირად მათ ადანაშაულებენ ქვეყნის სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.