Accentnews.ge
"პოლიტიკური სარჩული": რუსეთი სომხეთს რძის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვით ემუქრება

"პოლიტიკური სარჩული": რუსეთი სომხეთს რძის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვით ემუქრება

30/03/2023 09:58:11 კავკასია

მოსკოვი "დარღვევების აღმოჩენაზე" საუბრობს და სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, - იუწყება რუსეთის ფედერალური ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახური.

"როსსელხოზნადზორის" მტკიცებით, რუსი სპეციალისტების მიერ 20-24 მარტს სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგად ადგილობრივ პროდუქციაში "რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი", კერძოდ, მათ შემცველობაში "აღმოჩნდა ირანული წარმოების ნედლეული, რომლის გამოყენებაც რუსეთში იკრძალება".

რუსული უწყება სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების ინსპექციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყნიდან რძის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის საკითხის განხილვას უახლოეს დღეებში გეგმავს.

თავის მხრივ, ერევანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს.

"რეალურად, რუსულმა ინსპექციამ ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს არღვევს და საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი უწყება სისტემატიურად სათანადო დონეზე ახორციელებს შესაბამის კონტროლს" - განაცხადა სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების საინსპექციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანუშ არუთუნიანმა და იქვე დასძინა, რომ ირანული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, რომელიც მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხოა, სომხურ ბაზარზეც რეალიზდება.

"რუსული რიტორიკა პროდუქციის ხარისხის შესახებ უფრო პოლიტიკურ ელფერს ატარებს", - მიიჩნევს სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის" ხელმძღვანელი ბაბკენ პიპოიანი, რომლის აზრით, "ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ელემენტის არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია".

ცნობისთვის: როსსელხოზნადზორის ამ მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთი მიუერთდა ჰააგის სისხლის სამართლის იმ საერთაშორისო სასამართლოს მოქმედების განმსაზღვრელ "რომის სტატუტს", რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S