
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა
11/11/2019 09:03:47 სხვა, სამართალი
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორის ლევან აკინის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა.
როგორც ფილმში მონაწილე არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, მისი შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს.
„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებებზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვანები მონაწილეობენ“,- განაცხადა არასრულწლოვანის მამამ.
თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელის ნინო მესხის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იღებდნენ. სწორედ მისი არასრულწლოვანი მოსწავლეები მონაწილეობენ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“.
როგორც მესხი ამბობს, ფილმის გადამღები ჯგუფი ვალდებული იყო აეხსნა, რა ფილმზე იყო საუბარი.
„ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ორი ბავშვი სჭირდებოდათ, ვინც ცეკვა იცოდა. დილით გადაღებაზე დავიბარე, მივეცი მშობლების ნომრები. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იყო ეს ფილმი. ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება ბავშვებთან და მშობლებთან. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც აეხსნათ ამ ფილმის შესახებ, თუკი თემა იყო ასეთი სენსიტიური. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდებოდი დღეს“,- თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელი.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.