
"ჩემი ვიზიტის ძირითადი ამოცანაა, რომ საქართველო მოვამზადოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის"
11/11/2019 09:15:02 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჩემი ვიზიტის ძირითადი ამოცანაა, რომ საქართველო მოვამზადოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე 27 ნოემბერს გახდება.
„ევროპაში ჩვენ ვზეიმობთ ევროპის საბჭოს ორგანიზაციის შექმნის 70 წლისთავს, რომელიც იყო და დღესაც მიმართულია, რომ 47 წევრ ქვეყანას შორის არსებობდეს ერთიანობა და მშვიდობა, უმაღლესი სტანდარტების მხარდაჭერით და კანონის უზენაესობის დაცვით.
საქართველოში ვიზიტის ძირითადი ამოცანა არის, რომ მოვამზადოთ საქართველო თავმჯდომარეობისთვის, რომელიც 27 ნოემბერს განხორციელდება“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებით, იგი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც 27 ნოემბერს ევროსაბჭოს კომიტეტზე განიხილება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.