
აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს
31/03/2023 10:45:19 პოლიტიკა
აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“.
დოკუმენტის ავტორი 9 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინია.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ისე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო) მიმართ.
კანონპროექტის მიხედვით, მისი დამტკიცებდან 180 დღეში აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ, რომელიც ითვალისწინებს ნატო-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონის ქვეყნების დახმარების გაძლიერებას უსაფრთხოების მიმართულებით. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას. საუბარია ერთობლივი მრავალეროვნული საკოორდინაციო შტაბის შექმნაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სწავლებების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და ასე შემდეგ.
ამასთან, კანონპროექტში საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაუყოვნებლივი ჩანაცვლებისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე.
დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციისთვის და მისი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მხარდაჭერას.
კანონპროექტში საუბარია სადაზვერვო სისტემების პრიორიტეტიზაციაზე შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ოპერაციების მონიტორინგისთვის.
ის ასევე ითვალისწინებს ერთობლივი, მრავალეროვნული სამვარსკვლავიანი შტაბის შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სწავლებების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და ასე შემდეგ.
დოკუმენტის თანახმად, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მედიაინიციატივების გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება უცხოეთის მავნე ზეგავლენის დაძლევისკენ. ასევე, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე.
რაც შეეხება რეგიონალური კავშირებს, სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შავი ზღვის რეგიონში, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩავიდნენ.
„შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი“ ამჟამად განსახილველად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი.