
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს
11/11/2019 11:27:23 სხვა, მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუს მორავიეცკი ევროკავშირის ქვეყნებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ პროექტის მხარდაჭერით ევროკავშირის ქვეყნები რუსული თავდაცვის გაძლიერებაში ხარჯავენ ფულს.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერს დანიის ენერგეტიკულმა სააგენტომ სამშენებლო ნებართვა გასცა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მონაკვეთისთვის, რომელიც ქვეყნის კონტინენტურ შელფზე გადის. დანია უკანასკნელი ქვეყანა იყო, რომლისგანაც გაზსადენის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას ელოდნენ. პროექტი ითვალისწინებს რუსეთიდან გერმანიამდე გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. რუსეთისა და გერმანიის გარდა, პროექტში ფინეთი და შვედეთი მონაწილეობენ. მათ უკვე გასცეს სამშენებლო ნებართვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა. კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“.
„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.
21 მაისს უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ–ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებდა.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.