
ღარიბაშვილი –7-9 მარტის აქციების შესახებ: "სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად"
03/04/2023 11:19:14 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 7-9 მარტის აქციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციამ „სუფთად ჩაატარა“ ოპერაცია და „არავინ დაშავებულა“.
საუბარია თბილისში საპროტექტო გამოსვლებზე, რომლის მონაწილეებიც პარლამენტრის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აქციების დაშლის მაგალითებიც მოიყვანა და თქვა, რომ საქართველოში თვალს ვერ დახუჭავენ მათ მიმართ ვინც „პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა“:
„ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან ეს თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ. ამერიკაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ რაც ხდება, ევროპაში როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი და ქვებს რომ უშენენ პოლიციას ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება და კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ დაისჯება. ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭიდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა დაა მეტი განვითარება".
ინფორმაცია აქციებზე დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ფრაგმენტულია - შსს ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში დაშავდა 58 პოლიციელი.
55 წლის ზაზა ბიღიაშვილს 7 მარტს აქციაზე ჩიტაძის ქუჩაზე თავში სპეცრაზმელის ნასროლი სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა. კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ვერ შეძლეს მისთვის მარჯვენა თვალში მხედველობა შეენარჩუნებინათ.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე 133 დაკავებულიდან ზოგიერთის სასამართლო პროცესი ჯერაც არ გამართულა, მათ უმეტესობას კი, ვინც უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის 2000-ლარიანი და მეტი ოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.
აღკვეთის სახით 31 მარტს პარტიმრობა შეეფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება. ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, 31 მარტსა და 1 აპრილს თბილისში ორი აქცია გაიმართა.