
პუტინის დაპატიმრების შესახებ განცხადებების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვაჟზე თავდასხმა განხორციელდა
03/04/2023 12:12:14 კავკასია
სომხეთში უცნობმა პირებმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვაჟზე - აშოტზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ დღეს რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.
როგორც მან Facebook-ში დაწერა, თავდასხმა გუშინ მოხდა და "კავშირშია სხვა ორ პროვოკაციულ ინციდენტთან".
ცნობისთვის: სამი დღის წინ ოპოზიციური პარტია "დაშნაკცუტიუნის" წევრი დეპუტატი მგერ სააკიანი სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა კომისიის წარმომადგენელ ვლადიმირ ვარდანიანს ფიზიკურად გაუსწორდა, პარტიის კიდევ ერთმა წევრმა კი თავად სიმონიანს მოუწყო მსგავსი ინციდენტი.
"ეს ორგანიზებული პროვოკაციების წყებაა, რომლის კვალი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდის", — ასკვნის პარლამენტის სპიკერი.
მან პირობა დადო, რომ ხსენებულ ინციდენტებს პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
მანამდე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რესპუბლიკის რომის სტატუტთან მიერთებას დაუჭირა მხარი. როგორც ცნობილია, ეს დოკუმენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორსო სასამართლოს მოქმედებას განსაზღვრავს. მანამდე კი, 17 მარტს ჰააგამ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალდებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამგვარად, სომხეთი მიუერთდა იმ 123 სახელმწიფოს, რომელთაც ხსენებული ორდერის საფუძველზე პუტინის დაკავება ევალებათ, თუკი ეს უკანასკნელი მათ ტერიტორიებზე მოხვდება.
ამასთან დაკავშირებით ორიოდ დღის წინ ფაშინიანის მმართველ პარტიაში პუტინს ურჩიეს, სომხეთს არ სწვეოდა და თავის ქვეყანაში დარჩენილიყო. "თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავების ვალდებულება გვაკისრია [...] სჯობს, თავის ქვეყანაში დარჩეს" - განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა.
თუმცა მოგვიანებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აკოფ არშაკიანმა უარყო ერევნის მზადყოფნა, სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში პუტინი დააკავოს. "ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი არავის აღიარებს დამნაშავედ და არავის დაკავებას გვავალდებულებს" - აღნიშნა მან და დასძინა, რომ რომის სტატუტთან მიერთება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს ზიანს არ მიაყენებს.
მანამდე მოსკოვმა ერევნის რომის სტატუტთან მიერთება გააპროტესტა და სომხეთის ხელისუფლების მისამართით მკვახე განცხადებები გააკეთა. ამასთანავე, როსსელხოზნადზორმა სასწრაფოდ აღმოაჩინა სომხურ რძის პროდუქტებში "დარღვევები" და მათი რუსეთში იმპორტი აკრძალა.