
ანა სუბელიანზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
11/11/2019 12:49:40 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელი - გირაო 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118 პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
ანა სუბელიანი კინოთეატრ „ამირანთან“ 8 ნოემბერს დაშავდა. მას სახის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა. კინოთეატრ „ამირანთან“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ფილმს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევდნენ.