
ომბუდსმენის ახალი მოადგილე ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია
03/04/2023 12:50:52 საზოგადოება
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ახალი მოადგილე ყოფილი თანაპარტიელის ალეკო ელისაშვილის დისშვილი ნათია ჯულაყიძე გახდა.
"ტვ პირველთან" საუბრისას ჯულაყიძე ადასტურებს, რომ იგი ელისაშვილის დისშვილია:
"მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო ბიძად მეკუთვნის, [მისი დისშვილი]. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, რომ მე ლევანთანაც წლები განმავლობაში ვმუშაობდი, არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი ვეხმარებოდი და მერე როგორც რიგითი წევრი ვიყავი პარტიის, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი".
ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა ჯულაყიძე ელისაშვილს, მან განაცხადა, რომ იქნება პირველი "ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს":
"აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ პირველ რიგში ალეკოს იმიტომ, რომ ოდესღაც სადღაც ერთი და იგივე ღირებულებებს ვიცავდით და რავი ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა, რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი არ შემიშლის პირიქით, ძაან ესეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, ვიქნები პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს".
1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული.
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებას 3 აპრილს წარადგინა ორი ახალი მოადგილე. ესენი არიან: ნათია ჯულაყიძე (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი) და ელენე ღუდუშაური (იურისტი, სამართლის მაგისტრი).
ღუდუშაურმა და ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილეების პოსტებზე ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები 30 მარტს დატოვეს.
აპარატში რჩება ლევან იოსელიანის მესამე მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა. იგი აგრძელებს სახალხო დამცველის პირველი მოადგილისა და აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობას.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს, გენდერის დეპარტამენტს, თანასწორობის დეპარტამენტს, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.