
რუსეთმა ნატო–სთან ახალი 1300–კილომეტრიანი საზღვარი მიიღო
04/04/2023 12:51:39 მსოფლიო
ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატო–ს სრულუფლებიანი რიგით 31-ე წევრი სახელმწიფო. შესაბამისი ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თბილისის დროით 16:30 სთ–ზე გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას "ნაჩქარევი ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ მიღებული იქნება "როგორც სამხედრო-ტექნიკური, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ზომები, რათა შემცირდეს ნატო–ში ფინეთის გაწევრიანების შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ აღმოცენებული საფრთხეები".
ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის შემთხვევაში შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტაპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.
ფინეთი რუსეთთან 1300–კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. შესაბამისად, რუსეთმა ალიანსთან ახალი 1300–კილომეტრიანი საზღვარი მიიღო. უკრაინაში შეჭრამდე მოსკოვი დასავლეთისგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ნატო–ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას მოითხოვდა. თუმცა როგორც ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპირისპირო მიიღო.