Accentnews.ge
„მხოლოდ ოპოზიციას არ ხვდება“: რა გეგმა აქვს პრეზიდენტს

„მხოლოდ ოპოზიციას არ ხვდება“: რა გეგმა აქვს პრეზიდენტს

04/04/2023 13:41:11 პოლიტიკა

ოპოზიციაში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკრიტიკებს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს და დეპუტატ ქალებს „ერთიანი პროევროპული ფრონტის“ შექმნას სთავაზობს. არსებული ცნობებით, ამ მიზნით 8–9 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გაიმართება. ამასთან, 18 აპრილს ევროპარლამენტში შესაძლოა, ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების დელეგაცია იყოს წარმოდგენილი ზურაბიშვილის გამოსვლისას.

„ვიცი, რომ იგეგმება შეხვედრა. ვიმსჯელებთ ამაზე. ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის პრობლემას ვერ ვხედავ“,– თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტისგან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მისი მანდატის ფარგლებში ელის კონკრეტულ ნაბიჯებს. მათ შორის, ეს უკავშირდება „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

„რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება და თავად მზაობა გამოთქვა, მიიღოს ყველა ფორმატში მონაწილეობა, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი მთავარ აქცენტს დეპოლარიზაციაზე აკეთებს.

„პრეზიდენტი მხოლოდ ოპოზიციას არ ხვდება და მისი მიზანი არაა მხოლოდ ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრა, რადგან მთავარი საკითხი, რომელზე ის ჩვენთან საუბრობს, არის დეპოლარიზაცია და კონსოლიდაცია ძალების იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპული სტატუსი. დეპოლარიზაციას სჭირდება დიალოგი და თანამშრომლობა ყველა მხარესთან და ამიტომ, როგორც მე ვიცი, ის მხოლოდ ოპოზიციას არ ხვდება. კონსოლიდაცია ნიშნავს, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, შევძლოთ და ძალები გავაერთიანოთ ევროპული სტატუსის მისაღებად. მე არ ვყოფილვარ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი, მეტიც, მის ოპონენტს ვუჭერდი მხარს, მაგრამ დღეს და ახლა ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს განცხადებებს აკეთებს და არის ძალიან მკაფიო, ხმამაღალი და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებითაც ადასტურებს, რომ ამ ქვეყნის მიერ ევროპული სტატუსის მისაღებად ყველასთან სათანამშრომლოდ მზადაა. მზად ვარ, ყველა ფორმატში მივიღო მონაწილეობა, შევხვდე რამდენჯერაც საჭირო იქნება პრეზიდენტს და ჩემი მანდატის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ძალები გავაერთიანოთ ევროპული სტატუსის მისაღებად“,– თქვა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის კონკრეტულ გეგმებს, სამნიძე ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი სალომე ზურაბიშვილია.

თემის კომენტირებისას კიდევ ერთმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დაადასტურა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თუმცა თქვა, რომ გეგმებზე თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს. რაც შეეხება ევროპარლამენტში შესაძლო ვიზიტს, მისი თქმით, თუ მსგავსი რამ დაიგეგმება, სიამოვნებით მიიღებს მასში მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მოქმედი კონსტიტუციით შეკვეცილი უფლებამოსილება აქვს, პროცესზე დამკვირვებლებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კრიტიკულ პერიოდში მისი მხრიდან მკაფიო პოზიციონირება, ქართული საზოგადოების განწყობის და მისი მხარდაჭერის აუცილებლობის გახმოვანება საერთაშორისო პლატფორმებზე (არის მოლოდონი, რომ სწორედ ამ თემებზე ისაუბრებს ის ევროპარლამენტში), მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გაირკვეს, ხელისუფლება კი ღიადაა ჩართული ანტიდასავლურ კამპანიაში, იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივებს, ცდილობს ევროსკეპტიკური განწყობების დათესვას, უპირისპირდება პარტნიორებს და მათ უჩენს კითხვებს საქართველოს ადგილთან დაკავშირებით არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ამ თემებზე სალომე ზურაბიშვილმაც მკაფიოდ ისაუბრა პარლამენტში გამოსვლისას რამდენიმე დღის წინ და მმართველ გუნდს ჰკითხა, „სად ხართ?“.

ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში შეცვლილი განწყობების თაობაზე, მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებით იმედგაცრუებისა. კერძოდ, მისი ცნობით, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ემხრობა:

„ევროკომისია მაისში წარმოადგენს განახლებულ მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში საბოლოო შეფასება მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ სამუშაო დაშვება ამ დროისთვის ასეთია: უკრაინას და მოლდოვას — რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს — კანდიდატის სტატუსი“.

ამდენად, სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული, ამჯერად მაინც გამოიყენებს თუ არა რუსული აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით გაჩენილ უნიკალურ შანსს, განუსაზღვრელი დროით და დისტანციით ჩამორჩება სწრაფმავალ „მატარებელს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S