03-04-2023 18:34:04 კომენტარი
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ემხრობა.
„ევროკომისია მაისში წარმოადგენს განახლებულ მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში საბოლოო შეფასება მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ სამუშაო დაშვება ამ დროისთვის ასეთია: უკრაინას და მოლდოვას — რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს — კანდიდატის სტატუსი“, — წერს იოზვიაკი.
მოგვიანებით მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანამ საშინაო დავალებას უნდა გაართვას თავი და რომ ბრიუსელის მოთხოვნები არ გაქრება:
„დაისმება კითხვები დეოლიგარქიზაციაზე, ჩასატარებელ რეფორმებზე, მაგრამ ამჟამად ევროკავშირს სურს, გაგზავნოს პოლიტიკური სიგნალი, რომ შეგიძლიათ, გახდეთ ევროკავშირის წევრი. სიმბოლურია ეს პროცესი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია საერთაშორისო კონტექსტსაც“.
მისი თქმით, ევროკავშირში და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში სამ ასპექტს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას:
დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და პოლიტიკური დეპოლარიზაცია.
„შეიძლება მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს სამი საკითხი უნდა გადაიჭრას, თუ გსურთ, გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ეხება მოლაპარაკების პროცესს და შემდეგ ევროკავშირის წევრობას. ეს თემები არასოდეს გაქრება, ყველა აქცევს ამას ყურადღებას“.
რაც შეეხება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე მარტის აქციების როლს, იოზვიაკი ამბობს:
„ეს აჩვენებს რომ საქართველო არავის ავიწყდება, ევროკავშირის პოლიტიკოსები გაკვირდებიან, თვალს ადევნებენ, რა ხდება ქუჩებში და ყველამ იცის, არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქუჩაში გამოსული ადამიანები იწვევენ ცვლილებას. გადახედეთ უკრაინის ისტორიას. ადამიანები რეალურად იღებენ საკუთარ თავზე მიმართულების განსაზღვრას. ეს ხდება საქართველოშიც. მთავრობას აქვს თავისი როლი. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. მთავრობას უწევს, დანერგოს რეგულაციები, როგორც ამას მისგან მოითხოვენ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს ასებით როლს, რათა დარწმუნდეს, რომ მთავრობა რეალურად ასრულებს თავის ფუნქციას. ამდენად, მთავრობა და ხალხი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. და როდესაც ევროკავშირი აკვირდება ქვეყანას, აკვირდება ორივეს – როგორც ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოდის, ასევე ხელისუფლებას, რომელიც აქტიურობს.