
მაკო გომური დაზარალებულად ცნეს
11/11/2019 15:17:59 სხვა, სამართალი
გენერალურმა პროკურატურამ მაკო გომური, რომელმაც 20–21 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულად დაახლოებით 5 თვის შემდეგ სცნო.
"2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.