
ეკლესია „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრისთვის წესის აგებაზე უარს ამბობს
11/11/2019 16:00:33 სხვა, საზოგადოება
ეკლესია „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრისთვის წესის აგებაზე უარს ამბობს.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ინფორმაციით, წინა კვირის სამშაბათს ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური 24 წლის შაკო ბარამიძე.
„ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს“, – აცხადებენ „გირჩში“.
საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, რატომ ამბობს უარს ეკლესია „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრისთვის წესის აგებაზე:
„ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას შეუსრულებს ადამიანს, რომელიც მისი წევრი არ არის. როგორც კი ადამიანი აცხადებს თავს სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრად, ავტომატურად მართლმადიდებელი ეკლესია მას აღარ განიხილავს, როგორც თავის წევრს".
რაც შეეხება, „გირჩის“ განცხადებას, რომ კვირას „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად, მამა ანდრია აცხადებს, რომ „თუ ადამიანმა სხვა რელგიის ერთობა მიატოვა, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიის წევრობა ავტომატურად აღდგება":
„იმისათვის, რომ ეს ადამიანი კვლავ გახდეს ეკლესიის წევრი, საჭიროა გარკვეული დადგენილი წესის შესრულება. კერძოდ, პირველ რიგში, უნდა განაცხადოს, რომ ინანიებს, სურს ეკლესიაში შენდობის თხოვნა, საჭიროა სპეციალური ლოცვა. სხვადასხვა შემთხვევებში სხვადსხვა წესით ხდება ეკლესიაში დაბრუნება. ამიტომ, ის რომ "გირჩმა" გააუქმა თავისი გაცემული ცნობა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ეკლესიაში კვლავ დაბრუნდა“, – განუცხადა „აქცენტს“ მამა ანდრია ჯაღმაიძემ.