
სასამართლომ ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა
05/04/2023 11:36:12 სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
მოსამართლემ ბადრი ესებუას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.
ცნობისთვის: გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.