„რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეში, ხერსონსა და ყირიმში, დეოკუპაციის პირველი ეტაპია“: რა აშინებს კრემლს

05-04-2023 16:28:37 კომენტარი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ათობით თავდაცვითი სიმაგრე ააგო, – იუწყება ამერიკული გაზეთი The Washington Post Maxar-ის სატელიტური ფოტოების გაანალიზების შემდეგ.

ფოტოების მიხედვით, ათეულობით კილომეტრის სიგრძის თხრილები ყირიმის სანაპიროებზეც კი არის გაყვანილი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინტერნეტში თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ბლომად მოიძიება ინფორმაცია, თუმცა უკრაინული დესანტის ყირიმში ზვით გადასხმის ალბათობა დაბალია. აშშ-ის საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორის მაიკლ კოფმანის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ გადაწყვიტოს ყირიმის ხელში ჩაგდება „კლასიკური გაგებით“, უფრო ის მიმართავს რუსული არმიის გამოფიტვისა და ნახევარკუნძულზე საცეცხლე კონტროლის დამყარების ტაქტიკას. მაშ რატომ გაჰყავთ რუსულ ჯარებს თხრილები და რა აშინებს რუსეთს? – ამ თემებზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკოსი დიმიტრი სნეგირევი. ექსპერტი ორი კომპონენტის არსებობაზე მიუთითებს:

  • „ტრადიციული რუსული კორუფცია – ბიუჯეტის ფულის გათეთრება: ბელგოროდის რეგიონის ე.წ. „გამაგრება“, მიუხედავად იმისა, რომ მას აბსოლუტურად არ აქვს პრაქტიკული ღირებულება, რუსულ ბიუჯეტს რეკორდული თანხა – 132 მილიონი დოლარი დაუჯდა. ანალოგიური ვითარებაა ყირიმში ე.წ. თავდაცვითი სიმაგრეების კუთხით. მათ არ აქვთ პრაქტიკული ღირებულება. გავიხსენოთ რუსეთის ხელისუფლების სხვა კორუფციული პროგრამები ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. წყლის გაწმენდის პროგრამა, რომელიც რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 48 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ის ოფიციალურ დონეზე აღიარეს ჩავარდნად, თუმცა ბიუჯეტის ფული მიითვისეს. მეორეა ე.წ. „ენერგეტიკული ხიდი“, რომელიც რუსეთის ბიუჯეტისთვისაც კი ძალიან ძვირი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც აჩვენა მთელი თავისი არაეფექტურობა. ბევრი ამგვარი პროგრამა არსებობს.
  • მეორე მომენტი: ეს საფორტიფიკაციო ნაგებობები სასწრაფოდ არის აღმართული უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის თაობაზე ცნობების ფონზე. უფრო მეტიც, დაპირისპირების მკვეთრი გამწვავება ხდება ზუსტად ზაპოროჟიეს მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის შემთხვევით არ უთქვამს: „მელიტოპოლამდე 84 კილომეტრია. ვიცით ვის უნდა შევუტიოთ, მოგვეცით ის, რითაც უნდა შევუტიოთო“. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა პარტნიორებმა მოუსმინეს უკრაინელ გენერალს. „რამშტაინი-9“ და „რამშტეინი-10“ საკუთრივ შეტევით იარაღს ეხება“.

ის არ ეთანხმება ამერიკელი ექსპერტების შეფასებას, რომლებიც ნახევარკუნძულზე კლასიკური თავდასხმის შეუძლებლობაზე საუბრობენ:

"საქმე იმაშია, რომ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალები ძალიან არიან დამოკიდებულნი ლოგისტიკაზე. ხოლო საოკუპაციო ჯარის ლოგისტიკა არის ჩონგარის ისთმუსი და ქერჩის ხიდი. ანუ ორი კომპონენტი, რომელიც პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა".

ექსპერტი იზიარებს მოსაზრებას, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და ვიდრე ეს ტერიტორიები არ გათავისუფლდება, ყირიმში შესვლა შეუძლებელია, თუმცა იქვე აღნიშნავს, შემთხვევით არ უხსენებია უკრაინელი გენერლის ინტერვიუ:

„გადავხედოთ მოვლენებს, რომლებიც ხდება ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში – თავდასხმები ზურგში არსებულ ძალების თავმოყრის ბაზებზე, პერსონალის დროებითი განსახლებისა და იარაღის ტერიტორიებზე. ეს არის დეოკუპაციის ოპერაციების დაგეგმვის ე.წ. კასკადური ხასიათი. ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების დეოკუპაციის წარმატებული ხასიათი სწორედ ზურგში არსებულ ბაზებზე დარტყმებით დაიწყო. მეორე ნაბიჯი იყო ლოგისტიკაზე პირდაპირი კონტროლის აღება. მესამე ეტაპი კი თავად კონტრშეტევაა. და რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს, ხერსონის რაიონებში და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩემი აზრით, დეოკუპაციის პირველი ეტაპია“.

მისი თქმით, საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა ყირიმში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინელი საზღვაო ქვეითების მომზადების საკითხები განიხილეს: „საუბარია შეტევით ნაწილებზე, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ყირიმის დეოკუპაციაში“.

„2021 წელს, ჯერ კიდევ ფართომასშტაბიან ომამდე, კიევსა და ლონდონს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას უკრაინის საზღვაო ფლოტის მშენებლობისთვის რეკორდული თანხის – 1,8 მილიარდი ფუნტის გამოყოფის თაობაზე. და ლონდონმა ომის პირობებში უარი არ თქვა ამ იდეაზე. სუნაკის ბოლო განცხადებები მიუთითებს, რომ ლონდონი განიხილავს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების პრაქტიკულ განხორციელებას, ანუ ლონდონი-კიევი-ანკარის ღერძის მშენებლობას, სადაც გარკვეული უფლებამოსილებები მიენიჭება კიევს და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიას. შესაბამისად, ძირითადი ძალისხმევა მიემართება სწორედ, რომ უკრაინის საზღვაო ძალების რეკონსტრუქციას – საზღვაო ქვეითი კორპუსის ქვედანაყოფებს, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ყირიმის დეოკუპაციაში“.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყირიმი არსებობს რამდენიმე სტრატეგიული აეროდრომი: ქალაქ საკის და გვარდეისკის მიდამოებში და ჯანკოის მხარეში. ბოლო სამი თვის განმავლობაში სამივე სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, შეტევა განხორციელდა დრონებით:

„მეტიც, გვარდეისკის რაიონში, რუსული მხარის ცნობით, ჭურვი ჩამოაგდეს „გრომ-2“-ის ინსტალაცის“. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ამ ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის მოქმედების დიაპაზონი დაახლოებით 300 კმ–ია. ეს არის ამერიკული ATACMS-ის ანალოგი. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, შეგვეძლება, ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რადიკალურად შეცვლიან ყირიმის დეოკუპაციის ხასიათს“.

News

Other news