05-04-2023 18:31:05 კონფლიქტები ,პოლიტიკა
საკითხს ვიკვლევთ,– განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოში თურქეთის საელჩოში ინფორმაციის კომენტირებისას, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.
როგორც საელჩოში განმარტავენ, ინფორმაციას თავადაც მედიის საშუალებით გაეცნენ.
მანამდე გამოცემა СОВА იუწყებოდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ შევიდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს რუსეთის მორიგი სქემაა სანქციების გვერდის ასავლელად. სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian გამოიყენეს.
ახლა ტრანზიტის ფაქტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალიას ლაბახუამ დაადასტურა:
„ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“.
ლაბახუას თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება.
„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, როგორც იტყვიან, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება", - თქვა ლაბახუამ.
ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე საქართველოში ოფიციალური კომენტარი ჯერ– ჯერობით არ გაკეთებულა.
უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს დასავლეთის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ სანქციები აქვს დაწესებული. 2022 წლის მაისში რუსეთმა „პარალელური იმპორტი” დააკანონა, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს. „პარალელური იმპორტისა” და სხვა გზებით რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებს ეძებს.
ოფიციალურად საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს.