
ისრაელი „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება
12/11/2019 05:42:38 სხვა, მსოფლიო
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები არცელებს.
მისივე ცნობით, ალ-ატა პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ასობით ტერორისტულ თავდასხმაზე ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ახალ თავდასხმას გეგმავდა. ისრაელის სამხედროებმა საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ ბინაზე მიიტანეს იერიში, სადაც ბაჰა აბუ ალ-ატა იმყოფებოდა. „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის ქალაქებში, რაკეტის განგაშის სიგნალები ადგილობრივი დროით დილის ექვს საათზე ჩაირთო. რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.