05-04-2023 23:25:17 ინტერვიუ
სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დარჩა და ეს გამოსავალი ამ მომენტში საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურია“,– ასე აფასებს „აქცენტთან“ „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ამხელდა სასამართლოს „კლანურ“ მმართველობას და საზოგადოებას აცნობდა სისტემაში არსებული ვითარების შესახებ, საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში პირველად გამოყენებულ სანქცირების მექანიზმს. აშშ –მა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ოთხ ფიგურას, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო" – მათ ოჯახის წევრების ჩათვლით აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.
„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, — ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კი დაამატა: „სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ".
„აღარ დაუჯერებენ“
ნაზი ჯანეზაშვილი ორი მიმართულებით ელის პროცესების დაძვრას, მათ შორის, მმართველობის სტილის რღვევის კუთხით:
„ჩინჩალაძე– მურუსიძე და ზოგადად ეს „კლანური“ მმართველობა, მაგრამ პერსონალურად მურუსიძე ამ წლების განმვლობაში ბიძინა ივანიშვილისთვის დასაყრდენი ძალა იყო სასამართლო სისტემაში. ის ყოველთვის ახერხებდა სისტემის მართვას: საბჭოში ჰყოლოდა უმრავლესობა, მიეღოთ მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები, განეხორციელებინათ ხელისუფლების პოლიტიკა უკვე მართლმსაჯულების ეტაპზე, როდესაც საკითხი კონკრეტულ საქმეებზე მიდგებოდა და ა.შ. მურუსიძეს რატომ უჯერებდნენ მოსამართლეები? ისინი ხედავდნენ, რომ მურუსიძე ფლობდა ძალაუფლებას – პოლიტიკური ხელისუფლებისგან ჰქონდა ლეგიტიმაცია. ახლა კი დაინახავენ, რომ ის სანქცირებულია. არც ყოფილი მოსამართლე (ცერცვაძე) დაუსანქცირებიათ შემთხვევით: ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყოფილი მოსამართლეებიც შეიძლება, დაექვემდებარონ სანქციებს, თუკი ისინი ამ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ. ვფიქრობ, მყისიერად არა, მაგრამ მურუსიძის ავტორიტეტი სისტემაში შესუსტდება. არავინ არ მოინდომებს მისი ბედის გაზიარებას – 2023 წელია, ყველა მოსამართლე დადის უცხოეთში, თავად , მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რასაც გვთავაზობს აშშ, ევროპა, ზოგადად დასავლური სამყარო. თუ ისინი ამ სიკეთეებით ვერ ისარგებლებენ, ეს სიგნალი მათთვის ძალიან საშიშია. ვნახე მურუსიძის კომენტარი, „ბაბუაჩემი არ დადიოდა აშშ–შიო“, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მდიდარი მოსამართლეების ჯგუფია, რომლებსაც იმ სიკეთეების გამოყენება, რასაც აგროვებენ, უცხოეთშიც სურთ – დადიან „შოპინგზე“, შეიმოს–აღიჭურვებიან სხვადასხვა ბრენდებით – მათი ინტერესები მთლიანად ამაზე დგას“,– ამბობს ჯანეზაშვილი და დასკვნის სახით აჯამებს:
ჯანეზაშვილი იზიარებს შეფასებას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მძიმეა ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ კვლავ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მსგავსი საჭიროება არ დადგებოდა:
„წლების განმავლობაში რეკომენდაციებით, შეფასებებით, რჩევებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, მათ არავინ ითვალისწინებს. მაგალითად, პირადად მე სამუშაო მაგიდასთანაც არ მიმიშვეს შეხვედრას რომ დავსწრებოდი. საოცრად ჩაკეტილი სისტემა გახდა, ამიტომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დარჩა. და ეს გამოსავალი ამ მომენტში საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურია. ეს გადაწყვეტილება ექვსი თვის შემდეგ რომ მიეღოთ, შედეგი შესაძლოა, მაშინაც გამოეღო, მაგრამ ახლა, როდესაც კანდიდატის სტატუსს [ევროკავშირის კანდიდატის. ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოს რეფორმაა – რედ] ველოდებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მარტის აქციებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი გაერთიანებულია სხვა იდეის გარშემო, არ დაუშვა რუსული კანონის მიღება და მალევე აშშ რომ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“.
გაგრძელდება სანქციების პროცესი?
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საკუთარ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.
„როდესაც ვხედავთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს მოსამართლეებთან მიმართებით, არაფერი იქნება გასაკვირი“,– ფიქრობს ჯანეზაშვილი.
რატომ ახლა?
საქართველოში აშშ–ის საელჩო განმარტავს, რომ „ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით“.
ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოგროვებული ინფორმაცია აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნული პირების შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუთითებენ, რომ კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა.
საელჩო მოითითებს, რომ „ახლახანს გამართულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს სანქცირების უფლებამოსილებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის მიზნით“.
ნაზი ჯანეზაშვილი კი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მომწიფდა:
„აშშ რეფორმებში იყო ჩართული. ისინი უამრავ პროექტებს ახორციელებდნენ, მხარდაჭერას გვიწევდნენ სხვადასხვა ფორმით, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შემდგარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. მათ იმაზე მეტი იციან, ვიდრე გარედან ჩანს. მათ ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია. ხედავენ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს და გაატაროს და ეს შედეგიც დადგა“.
საეჭვოა, აქამდე ვინმეს რეალურად სჯეროდა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სიტყვების, „ადრე ეს მოსამართლეები ცუდ საქმეებს აკეთებდნენ [ენმ–ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში], ახლა კარგსო“, რითაც ცდილობდა სისტემის ოდიოზური ფიგურების მმართველობით რგოლში დარჩენა–დაწინაურების გამართლებას, მით უფრო იმ ფონზე, მმართველი გუნდის 11 წელია „სისხლიან ცხრა წელზე“ საუბრობს, თუმცა ამიერიდან მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ თუ მართლმსაჯულების რეალური რეფორმისკენ არ გადაიდგა ნაბიჯები, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები მოითხოვს, საკუთარი ბედის მინდობა მძიმე დანაშაულებში მხილებული მოსამართლეებისთვის მოუწევთ.