შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ – მურუსიძე სანქცირებას ბრალდებებით პასუხობს
06/04/2023 11:52:52 პოლიტიკა
აშშ–ის საელჩოს უნდა სასამართლოს ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ,– ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ისაუბრა. ის მონოლოგის რეჟიმში საუბრობდა, აკეთებდა უკიდურესად ხისტ განცხადებებს, ხოლო ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდა. მისი ძირითადი გზავნილები საელჩოს მიემართებოდა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.
„დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, რადგან საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია უბრალოდ „შირმაა“, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა“,– თქვა მურუსიძემ და დასძინა, რომ კორუფციის არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს, რაც შეეხება მის მიერ ხსენებულ მიზანს, მურუსიძის მტკიცებით, ის შემდეგში მდგომარეობს:
„ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე. მაგრამ შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, სასამართლოს ხელში ჩაგდების და მიტაცების. საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება“.
მისი თქმით, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი: „თუ მოსამართლეები არ გაიზიარებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც მისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცი იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთო“.
ის ამტკიცებს, რომ მასთან „წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა, ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს“.
ირწმუნება, რომ აქვს მტკიცებულებებიც და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.
„ახლა ხდება ჩვენზე მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, არაჯანსაღი პროცესები, ამას მუდმივად ცდილობდნენ“,– ირწმუნება მურუსიძე და იქვე დასძინა, რომ იმდენად ბევრმა მოსამართლემ დაუდასტურა მხარდაჭერა, სავარაუდოდ, „ეს მიზანი ვერ მიიღწევა“.
„ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდია მიზანი, სასამართლო ჩაიგდონ ხელში“,– თქვა მურუსიძემ.
მანამდე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებს, ხოლო თავად საჯარო განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც კითხვებზე მიიღებს პასუხებს.
იხილეთ ასევე: „სხვა გზა არ დარჩა“: საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები


