არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, ვეწვიოთ აშშ-ს - სანქცირებული მოსამართლე
06/04/2023 16:48:01 პოლიტიკა
აშშ–ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის ოჯახს ამერიკაში გამგზვარების სურვილი აღარ აქვთ, რადგან "გამრუდებული და დაკნინებულია" ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია.
"დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს...
პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ "ლინჩის წესით გასამართლების" ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი "ღირებულებები" ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება", - წერს მოსამართლე.
მისი თქმით, აშშ-ის "უპრეცედენტო გადაწყვეტილება" ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ის ამბობს, რომ შესაბამისი განმარტებები ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან ვერ მოისმინა, "გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც "სანდო ინფორმაცია".
შენგელია ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ, ასეთი მტკიცებულებები "ბუნებაში ვერც იარსებებს", რადგან "კორუფციის ფაქტები არ არსებობს". ამასთან, მისი მტკიცებით, არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არასდროს არ განხორციელებულა სხვა მოსამართლეებზე არც მისი და არც არავის მხრიდან:
"ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, "რეფორმების" შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ "რევიზორთა" კომისიაზე...
გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით "გაასამართლეს" და "დამნაშავეებად გამოაცხადეს" ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ "მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე".
იხილეთ ასევე: „სხვა გზა არ დარჩა“: საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები


