სახდეპის მაღალჩინოსანი: "აბსოლუტურად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს ომში ჩაბმით და არც მოვუწოდებთ ამისკენ საქართველოს ან ვინმე სხვას"

06-04-2023 22:03:32 პოლიტიკა

აშშ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ "ქართული ოცნების", მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფს.

"აშშ–სა და დასავლეთს არასოდეს უცდიათ საქართველოს ომში ჩართვა, თუმცა კვლავ ისმის განცხადებები, თითქოს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ "მეორე ფრონტის" გახსნით. და ვინ არის დაინტერესებული პირველი ფრონტით? - ეს არის კითხვა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვათ. ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს ომში ჩაბმით და არც მოვუწოდებთ ამისკენ საქართველოს, ან ვინმე სხვას", - განუცხადა დღეს "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის: "ომში ჩაბმაზე უარის თქმისთვის დასჯის" ყალბ პროპაგანდისტულ ნარატივს დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ კორუფციისა და სასამართლო რეფორმებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების, კერძოდ, მათთვის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის თემაც.

"ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ვემსახურებით - არა ომს, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფას, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის, მისი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხოლო რომელი ქვეყანა შემიშვებს თავის ტერიტორიაზე და რომელი არა - ეს ჩემთვის მეასეხარიახოვანია", - განაცხადა დღეს სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა.