
აზერბაიჯანმა ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი გააძევა
07/04/2023 08:28:39 კავკასია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი გააძევა.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, 6 აპრილს გამოიძახეს ირანის ელჩი სეიდ აბას მუსავი და აცნობეს, რომ "ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი ბაქოს მიერ პერსონა ნონ გრატად იქნა გამოცხადებული, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო".
ელჩთან შეხვედრისას გამოითქვა "ძლიერი უკმაყოფილება", ირანის "მიერ აზერბაიჯანის მიმართ ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გამო".
მანამდე, აზერბაიჯანმა დააკავა ექვსი პირი. გამოძიების ცნობით, ისინი გეგმავდნენ "წინააღმდეგობის რაზმის" დაკომპლექტებას, რომელიც მიზნად ისახავდა „შარიათის სახელმწიფოს“ შექმნას, აზერბაიჯანში შეიარაღებული არეულობისა და აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი დამხობის გზით".
ირანელმა კანონმდებლებმა 5 აპრილის განცხადებით მკაცრად გააკრიტიკეს აზერბაიჯანი ისრაელში საელჩოს გახსნის გამო. გადაწყვეტილებას პალესტინელი ხალხისა და მათი უფლებების საწინააღმდეგო ქმედება უწოდეს და ბაქოს "ბევრი უარყოფითი პოლიტიკური შედეგით" დაემუქრნენ.