Accentnews.ge
 „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრის შაკო ბარამიძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

„ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრის შაკო ბარამიძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

12/11/2019 07:38:21 სხვა, საზოგადოება

„ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრის შაკო ბარამიძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „აქცენტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„აწ გარდაცვლილი შაკო ბარამიძის მშობლების და ოჯახის საგანგებო განცხადება!!!

პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი

გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“.


ცნობისთვის: ეკლესია „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრისთვის წესის აგებაზე უარს ამბობს.  

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ინფორმაციით, წინა კვირის სამშაბათს ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური  24 წლის შაკო ბარამიძე. 

„ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს“, – ნათქვამია „გირჩის“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, რატომ ამბობს უარს  ეკლესია „ბიბლიური თავისუფლების“ დაღუპული წევრისთვის წესის აგებაზე: 

„ეკლესია ვერ აუგებს წესს და ვერც რაიმე სხვა მსახურებას შეუსრულებს ადამიანს, რომელიც მისი წევრი არ არის. როგორც კი ადამიანი აცხადებს თავს სხვა  რელიგიური ორგანიზაციის წევრად, ავტომატურად მართლმადიდებელი ეკლესია მას აღარ განიხილავს, როგორც თავის წევრს". 

რაც შეეხება, „გირჩის“ განცხადებას, რომ კვირას „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად, მამა ანდრია აცხადებს, რომ „თუ ადამიანმა სხვა რელგიის ერთობა მიატოვა, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიის წევრობა ავტომატურად აღდგება":

„იმისათვის, რომ ეს ადამიანი კვლავ გახდეს ეკლესიის წევრი, საჭიროა გარკვეული დადგენილი წესის შესრულება. კერძოდ, პირველ რიგში, უნდა განაცხადოს, რომ ინანიებს, სურს ეკლესიაში შენდობის თხოვნა, საჭიროა სპეციალური ლოცვა. სხვადასხვა შემთხვევებში სხვადსხვა წესით ხდება ეკლესიაში დაბრუნება. ამიტომ, ის რომ "გირჩმა" გააუქმა თავისი გაცემული ცნობა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ეკლესიაში კვლავ დაბრუნდა“, – განუცხადა „აქცენტს“ მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S