
რუსეთში აშშ-ის საელჩოს განმარტება პუტინის ოფიციალურ ღონისძიებაზე ამერიკისა და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლების გვერდში დგომასთან დაკავშირებით
07/04/2023 13:08:41 კონფლიქტები
ორიოდ დღის წინ კრემლში, ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მიერ პრეზიდენტ პუტინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე რუსეთში აშშ-ის ახალ ელჩ ლიზ ტრეისის ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ელჩის - ალხას კვიცინიას გვერდში მოუწია დგომა.
ამ ფაქტის ამსახველმა ფოტომ, რომელიც სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში სწრაფად გავრცელდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ადგილობრივი კომენტატორები მომხდარს მიესალმებოდნენ და წერდნენ, რომ "ასე მოუწევს დასავლეთს შეგუება ახალ რეალობასთან, რომელსაც ამ დრომდე ჯიუტად არ აღიარებდა".
"აქცენტმა" ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიმართა და პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
საელჩოს პრეს–სპიკერის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია:
"რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, რათა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასევე გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება".
ცნობისთვის: ცერემონიაზე, რომელიც კრემლის დიდი სასახლის ალექსანდრეს დარბაზში 5 აპრილს გაიმართა, პუტინმა აფხაზეთი "სტრატეგიულ მოკავშირედ" და "უახლოეს მეზობლად" მოიხსენია.
"წელს მნიშვნელოვან თარიღს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების" გაფორმების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
აფხაზმა "ელჩმა" პუტინს სიგელები დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ საგანგებოდ მომზადებულ უნიფორმაში გადასცა, რომელიც, როგორც "სამინისტროში" აცხადებენ, აფხაზურ ეროვნულ ელემენტებს შეიცავს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021