
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
12/11/2019 09:18:16 სხვა, საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას:
მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში:
სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:
შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
სამი ან მეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში, სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებგვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.