
უზენაესის თავმჯდომარე – დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში
10/04/2023 11:28:14 სამართალი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ "დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში".
"დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - თქვა ნინო ქადაგიძემ.
ცნობისთვის: 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვა დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.