
მურუსიძე – პრემიერი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია
10/04/2023 11:54:59 პოლიტიკა, სამართალი
უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა იმიტომ სთხოვეს, რომ იგი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.
"როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი გამოსცემს აქტს, ჩვენ, მოსამართლეები პოლიტიკურად ხომ ვერ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ვთხოვეთ მას, რომ მობრძანებულიყო და გავანდეთ ჩვენი წუხილები. მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება მტკიცებულებებს და, ზოგადად, იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს – სხვათა შორის, უნიჭოდ ექნება ადგილი – ამას ველოდები და, შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.
ცნობისთვის: 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვა დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.