
საპატრიარქომ პოზიცია არ დათმო - 24 წლის შაკო წესის აგების გარეშე დაკრძალეს
12/11/2019 11:48:06 სხვა, საზოგადოება
სამტრედიაში ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დღეს დაკრძალეს. წესის აგებაზე უარი მართლმამდიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, მოტივი კი ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება, თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. აღნიშნული ორგანიზაციის დაფუძნების მიზანიც სწორედ ეს გარემოება გახდა და არა რელიგიური მოტივები.
მართალია “გირჩმა” ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.
ფაქტს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:
“დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე. მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით! მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება! მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად!
რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?
ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია”.
თემას დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დეკანოზი თამაზ ლომიძე:
“თუ ბიბლიური თავისუფლების წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან თუ მასში გაწევრიანებისას მათ ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად.
მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი”.
იხილეთ ასევე: "წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"