
ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნაზე
11/04/2023 08:47:38 ევროპა
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მოლაპარაკებების ფაქტი უკრაინისთვის მიგ-29–ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე დასავლელი პარტნიორებისგან უფრო თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიღების პირობით.
როგორც იტყობინებიან, ბულგარეთის მფლობელობაშია 16 ერთეული მიგ-29, მაგრამ მათგან მხოლოდ ექვსია მუშა მდგომარეობაში. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამო ქვეყანა რუსული მხარისგან ტექნიკურ დახმარებას ვერ იღებს.
თავდაპირველად ბულგარეთის მიერ პარტნიორებთან მოლაპარაკების შესახებ ცნობები უკრაინისთვის თვითმფრინავების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
თუ ბულგარეთი ახლა გადაწყვეტს თავისი მიგ-29-ების უკრაინაში გაგზავნას, მაშინ ის გამანადგურებლების გარეშე დარჩება სულ მცირე წელიწადნახევრის განმავლობაში, რადგან აშშ-დან ადრე შეძენილი F-16-ების პარტია მხოლოდ 2025 წელს ჩავა ქვეყანაში.
მანამდე მედია წერდა, რომ ბულგარეთი უკრაინას ომის პირველ თვეებში ფარულად აწვდიდა იარაღსა და საწვავს. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 2022 წლის გაზაფხულზე განხორციელებული მიწოდება მაშინ უკრაინის არმიის მიერ მიღებული მთელი საბრძოლო მასალის 30%–ს და დიზელის საწვავის 40%–ს შეადგენდა.