
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
11/04/2023 16:38:17 კავკასია
11 აპრილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.
სომხური მხარე იუწყება ოთხი დაღუპულისა და ექვსი დაჭრილის შესახებ, აზერბაიჯანული – სამი დაღუპული სამხედროს თაობაზე.
ასევე ორივე მხარე საუბრობს მძიმე არტილერიის გამოყენებაზე.
შეტაკება დაიწყო ლაჩინის [მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა]დერეფნის სიახლოვეს, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში. თეღს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ის ტერიტორიები, რაც 2020 წლის ომის შემდეგ დაიბრუნა აზერბაიჯანმა. სოფელი თეღი შედის სომხეთის სიუნიქის პროვინციაში, რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახჩევანთან აშორებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება “შედარებით დასტაბილურდა“.
რაც შეეხება მომხდარის ვერსიებს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის სამხედროებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ სოფელ თეღის მიმართულებით. სომეხმა სამხედროებმა საპასუხო ზომები მიიღეს“.
მომდევნო განცხადებაში სომხეთის თავდაცვის უწყება წერს, რომ ადგილობრივი დროით 17:30 საათისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა იმავე მიმართულებით გამოიყენეს ნაღმმტყორცნები.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მიიღეს აუცილებელი თავდაცვითი ზომები“, - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
მეორე მხრივ, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დაპირისპირება „სომხეთის პროვოკაციის შედეგად“ დაიწყო.
„ამჟამად, სომხური მხარე ბომბავს ჩვენს პოზიციებს ნაღმმტყორცნებისა და მძიმე შეიარაღების გამოყენებით. მიმდინარეობს საჭირო ზომების გატარება“, - აცხადებდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების პოზიციით, „სომხეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“; მისი განცხადებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იღებენ ყველა საჭირო ზომას და გააგრძელებენ ამ ზომების მიღებას“.
გარდა ამისა, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები სომხეთის მხრიდან ირანული წარმოების დრონების გამოყენების შესახებ, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაციას ყალბი უწოდა.