
ჯარში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება
11/04/2023 18:10:07 თავდაცვა, საზოგადოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა.
პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.
პროექტით გათვალისწინებულია გაწვევის გადავადების სხვა მიზეზები, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო ადგილი, მაგალითად, თუ პირი მუშაობს ხელისუფლების არჩევით ორგანოში, თავდაცვის სამინისტროში, შს სამინისტროში, სუს-ში, პენიტენციურში, დაზვერვაში ან სახელმწიფო დაცვის სამსახურში და სხვა.
ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, „გირჩის" „ბიბლიური თავისუფლება” ვეღარ შეძლებს ათასობით ახალგაზრდის ჯარიდან დახსნას.
მოქმედ კანონმდებლობაში წვევამდელთა ხელფასად 125 ლარია განსაზღვრული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილიდან წვევამდელთა ხელფასი 125-დან 200 ლარამდე გაიზრდება და ამ თანხას ისინი ხელზე აიღებენ.
„თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:
სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე;
სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“;
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით - „სწავლასთან თავსებადია“.