
ოსტინი – გამოძიება გაგრძელდება და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის წყაროს
12/04/2023 06:03:32 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გამოაქვეყნა მონაცემები.
„ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და დავადგენთ მის [გაჟონვის] მასშტაბებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს იტყვის.
ოსტინის განცხადებით, ამერიკული მხარე მოკავშირეებსა და პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ცნობისთვის: გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტომასლებმა, რომლებიც ეხება უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის – არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ჩინეთსა და ირანს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს.