Accentnews.ge
კომპანიის დირექტორი დამემუქრა – დეპუტატი მხილებისთვის განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

კომპანიის დირექტორი დამემუქრა – დეპუტატი მხილებისთვის განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

12/04/2023 09:03:20 სამართალი, რეგიონები

საგარეჯოს საკრებულოს წევრი „პარტია“ ლელოდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. საქმე ეხება საგარეჯოს სკვერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, თაკო ყორღანაშვილი ამბობს, რომ სკვერი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა არ წარმოებდა სამუშაოები. მან მედიასთან ამ საკითხებზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და ამბობს, რომ მუქარა მასზე ამის შემდეგ განხორციელდა, პარალელურად, სკვერში სასწრაფოდ დაიწყო სამუშაო პროცესი.

„ამ თემაზე მუშაობა დავიწყე პროექტის ჩაშვების დღიდან. არაერთგზის დავაყენე საკრებულოში საკითხი, რომ დარღვევების მიმდინარეობდა პროცესი, თუმცა საქმეს რეაგირება არ მოჰყოლია. კერძოდ, სკვერის მშენებლობა შარშან დაიწყო, უნდა დასრულებულიყო ოქტომბრის თვეში, თუმცა დაუსრულებელია. კომპანია "მეტალ პლიუსი" ასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება. საეჭვოდ მიმდინარეობს პროექტის ცვლილება. იქით ნაპირ-სამაგრი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო და ასევე ეტლით მოსარგებლეთათვის პანდუსი უნდა გაკეთებულიყო, არ კეთდება და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აღარც აპირებენ ამის გაკეთებას. აქ იყო ატრაქციონები და ტრენაჟორები, რომელსაც ჰქონდა თავისი საბუთი პასპორტი და იქ იყო აღნიშნული მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი, რაზეც ჩვენ აღშფოთება გამოვთქვი და ამის შემდეგ მიკავშირდება თვითონ კომპანიის დამფუძნებელი თუ დირექტორი, ვინმე მუზაშვილი გიორგი და უკვე გადადის მუქარაზე, პირად შეურაცხყოფაზე და მეუბნება ძალიან ისეთი ქუჩური გარჩევებით და ძველბიჭური საუბრით, რომ პასპორტი დააბრუნე გოგო, თორემ ნახავ რაც მოგივა“. - ყვება თამარ ყორღანაშვილი.

ამასთან, როგორც ირკვევა, სკვერში რუსული წარმოების სავარჯიშო ინვენტარი დაამონტაჟეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, კონსტრუქცია ტერიტორიიდან გაიტანეს.

„ეს კონკრეტული ადამიანი თავგასულია! ეს მორიგი ერთი კაცის კომპანიაა. არც ერთი პროექტი, რომელსაც აწარმოებს (მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 მილიონის პროექტებია) ვადაში არ ბარდება. გარდა ამისა, იაფფასიანი ინვენტარი, რომელსაც იყენებს, რუსეთიდან არის შემოტანილი“,– განაცხადა „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

ის ამბობს, რომ ეს კონკრეტული საქმე ზოგადი სატენდერო პოლიტიკის მაგალითია:

„ამ კონკრეტულ კომპანიას გარდა საგარეჯოში ოთხი დაუსრულებელი პროექტისა, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 მილიონი ლარი – გადასახადების გადამხდელების ფული აბარია და იმის სამუშაოები აქვს შესასრულებელი. ამ კაცს თუ ჰგონია, რომ წყნარად დაიძინებს და მშვიდად შეეძლება საღამოობით და დილაობით ურეკოს ჟურნალისტებს და დეპუტატებს და შეურაცხყოფები აყენოს, ცდება. მინდა, ვუთხრა, რომ ძილი გაუტყდება, ვიდრე არ ჩააბარებს ყველა პროექტს. ჩვენი მკვლევრები და მთელი ჩვენი რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ეს კომპანია დეტალურად გაკონტროლდეს“.

„ლელო“ მუნიციპალიტეტისგან ადეკვატურ რეაგირებას და დეპუტატის დაცვას მოითხოვს.

საგარეჯოს საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სკვერის ჩაბარება მუნიციპალიტეტისთვის დღეს, 12 აპრილს უნდა განხორციელდეს, ხოლო გახსნა – 13 აპრილს, თუმცა ადგილზე სამუშაო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S