Accentnews.ge
"პროპორციულს თუ ჩააგდებთ, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდნენ"

"პროპორციულს თუ ჩააგდებთ, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდნენ"

12/11/2019 19:51:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებს.

განცხადება ამის შესახებ ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. აი, ახლა, ჩუმ-ჩუმად რომ გადიხართ და ერთმანეთში ლაპარაკობთ, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში?”, – მიმართა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორ ირაკლი კობახიძეს მისივე გუნდი უპირისპირდება, რომელთან ერთადაც პოზიცია პლენარულ სხდომამდე უნდა შეეჯერებინათ.

“აი, ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, ქუჩაში რა პროცესებიც განვითარდება, ის, რომ რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოაქციოთ?! მე ახლა არცერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას და ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ?! თქვენ გინდათ, ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან”, – მიმართა ინაშვილმა უმრავლესობას და მოუწოდა მათ, კონსტიტუციური კანონპროექტის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს მაინც სცენ პატივი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც  არიან.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და ხვალ უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრო და განხილვა ხვალ, 12 ნოემბერს გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S