
სააკაშვილი – "და ჩვენ ვიცეკვეთ"–ზე: "რა გეფილმებათ, მეგობრებო!"
12/11/2019 19:59:20 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
სააკაშვილის თქმით, ვისაც ფილმის ნახვის სურვილი აქვს, ამის საშაულებაც უნდა ჰქონდეს, თუმცა შექმნილი აჟიოტაჟით მოხდა ფილმის რეკლამირებაც და თემის გადატანაც მთავარი პრობლემებიდან.
“რაც შეეხება ფილმებს, მეგობრებო, საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში და მოდი, ნურავის ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავიანთი შეხედულება. რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ინსპირირებული. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა?!”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.