
ჯანეზაშვილი – საერთო განცხადებისთვის მოსამართლეებს შორის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა
12/04/2023 18:51:18 სამართალი
"საქართველოს სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, აქვს შიდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით მოსამართლეებს შორის ერთობლივი განცხადებისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ შეგროვდა, რის გამოც მათ ამ დრომდე ეს განცხადება არ გაუვრცელებიათ. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სამი მოქმედი მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში, ეს არის უპრეცედენტო და ეს მოჰყვა სწორედ იმ რეფორმებს, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებდა მთელი წლების განმავლობაში და იყო უშედეგო, დიდწილად. მეორე მხრივ, ასევე, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შიგნით ველოდებით - და ბუნებრივია, ეს მოლოდინი არსებობს - თუ რა ცვლილებები მოჰყვება ამ ყველაფერს.
ეს დღეებია მე ვაკვირდები მოსამართლეების განცხადებებს, საჯაროდ ვინ გამოხატავს მხარდაჭერას ამ ჯგუფის მიმართ. სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა დიდი არ არის, დაახლოებით, 300 მოსამართლეა და რასაც ვაკვირდებოდით, 25 ადამიანიც კი არ არის, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა. ესეც იყო ფრაგმენტული ხასიათის და არ იყო ერთობლივი განცხადება. დუმს ორივე მხარე, ვინც მხარს უჭერს და არ უნდა, რომ გამოჩნდეს, იმიტომ, რომ შიშები აქვს და ესეც არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ მათ გუნდში მოიაზრებიან და მეორე მხარეს, რომელსაც არ უნდა, რომ რაღაცნაირად, შეილახონ იმიჯი, რეპუტაცია და გაიგივდნენ ამ ჯგუფთან, რომლებიც არიან დასანქცირებული.
ამიტომ, დუმილი ძალიან საინტერესოა და ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ მე რაც მაქვს შიგნიდან ინფორმაცია, საჭირო ხმათა რაოდენობის შეგროვება და მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რომ ეს ერთობლივი განცხადება გაეკეთებინათ და ამიტომაც არ გაუკეთებიათ ერთობლივი განცხადება, თუმცა ვნახოთ, დავაკვირდეთ პროცესებს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.