13-04-2023 11:51:46 თვალსაზრისი
როგორი შეიძლება, იყოს უკრაინული კონტრშეტევის წინ აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესაძლო სამხედრო-პოლიტიკური შედეგები და სარეპუტაციო ზიანი? რა შეიძლება, ითქვას საჯაროდ ქცეული საიდუმლო ინფორმაციის მასშტაბებზე და მის გავლენაზე აშშ-მოკავშირეების ურთიერთობებზე? - ამ თემებზე "ამერიკის ხმა" ქვეყნის სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა.
RANE-ს ექსპერტი მეთ ორი თვლის, რომ გაჟონილი ინფორმაციის მასშტაბებიცა და გავლენაც მნიშვნელოვნადაა გაზვიადებული და რომ მათთვის, ვინც უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს, ეს დოკუმენტები დიდად არც მაშოკირებელს შეიცავდა რამეს, არც ახალს.
"მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საიდუმო ინფორმაციასთანაც ამერიკის ათასობით პოლიტიკურ და სამხედრო ჩინოსანს აქვს წვდომა. და ეს არაა ყველაზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელსაც აშშ-ის მთავრობა ფლობს. მაგალითად, უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებების რიგი დეტალები, მიწოდებული საარტილერიო ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალის რაოდენობა, ასევე ის, თუ რა სახის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს და როდისთვის ელიან უკრაინელები – ეს ყველაფერი რუსებს, რა თქმა უნდა, გამოადგებათ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათ აქამდე ამ ყველაფრის შესახებ სულ არაფერი იცოდნენ. რუსეთს დღემდეც ჰქონდა მიახლოებითი წარმოდგენა იმაზე, რომ უკრაინელების მარაგები, ცხადია, ულევი არაა. რუსეთისთვის რიგი დეტალები სასარგებლოა, მაგრამ მთლიანობაში, ეს [გაჟონვა - რედ.] მას არ აძლევს რაიმე უპირატესობას. ამდენად, ვფიქრობ, შეშფოთება გაზვიადებულია, განსაკუთრებით - იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტები არ შეიცავს უკრაინული კონტრშეტევის შესახებ რეალურ დეტალებს და ისინი უმთავრესად ერთი თვის წინ არსებულ მდგომარებას შეეხება", – ამბობს ორი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ აშშ აფრთხილებდა მსოფლიოს უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ ინტერვენციამდე თითქმის 4 თვით ადრე, რაც იმის დასტურია, რომ აშშ-მა რუსეთის კავშირების არაერთ ხაზში შეაღწია და სერიოზული წარმოდგენა აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო დაგეგმარებაზე.
"რუსული მხარისთვის არც ესაა საიდუმლო იმ გაგებით, რომ აშშ-მა ბევრი რამ იცის რუსეთიდან შესაძლო სხვადასხვაგვარ გაჟონვებსა და კონფიდენციალურობისა და სამხედრო გეგმების დაცვის პრობლემებზე. არაერთმა მედიასაშუალებამ ამჟამინდელი გაჟონვა შეადარა ამერიკული დაზვერვის ისტორიაში სხვა ანალოგიურ შემთხვევებს, მაგალითად, სნოუდენის ქეისს. მაგრამ რეალურად, ეს ერთი და იგივე არაა. დიახ, ეს გაჟონვა დიდი იყო, მაგრამ მასშტაბებით ვერც კი შეედრება იმჟამინდელს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დოკუმენტებზე, რომლებიც წარმოდგენას იძლევა ერთ ცალკე აღებულ სიტუაციაზე, წყაროებისა და ინფორმაციის შეგროვების მეთოდების მიუთითებლად და შესაბამისად, მათში არაფერია ახალი და მნიშვნელოვანი. ასე, რომ არა მგონია, მსგავსი შედარებები რელევანტური იყოს" - დასძენს ექსპერტი.
აშშ-ის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი თვლის, რომ ეს გაჟონვა ვერ იქონიებს გავლენას უკრაინის კონტრშეტევაზე და შესაბამისად, უკრაინულ მხარეს მისი შედეგები ნაკლებად უნდა აღელვებდეს, განსხვავებით ამერიკულისგან, რომელმაც "საკუთარი მოწყვლადობის დემონსტრირება მოახდინა".
მთავარი ზიანი კი, ჰოჯესის აზრით, უკავშირდება ინფორმაციას აშშ-ის მიერ სამხრეთ კორეისთვის სავარაუდო მიყურადების თაობაზე, თუმცა სამხრეთკორეულმა სპეცსამსახურებმა უკვე განაცხადეს, რომ გაჟონილ დოკუმენტებში მოცემული ეს ინფორმაცია "მცდარია და ფალსიფიცირებული".
"ერთ-ერთი გაჟონილი ინფორმაცია იმაში მდგომარეობს, რომ აშშ, როგორც ჩანს, სამხრეთ კორეის მთავრობის შიდა საუბრებს უსმენდა იმის გასარკვევად, რეაურად აპირებდა თუ არა იგი, დასთანხმებოდა იმ საბრძოლო მასალის მოყიდვას, რომელიც შეგვეძლო, ან პირდაპირ გადაგვეცა უკრაიენელებისთვის, ან ჩაგვენაცვლებინა ის, რაც უკრაინას უკვე მივაწოდეთ. სწორედ ეს მაგალითი იმისა, რომ ჩვენ სამხრეთ კორეის მთავრობას ვუსმენთ, იყო განსაკუთრებით საზიანო. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ყველა ყველას უსმენს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ძალიან უხერხული სიტუაციაა, რომელიც ნდობას გარკვეულწილად აზიანებს ", – განაცხადა ჰოჯესმა.
გადამდგარი გენერლის თქმით, იგი ყოველთვის ვარაუდობდა, რომ უკრაინელებს საბრძოლო მასალა არ ჰყოფნიდათ, მაგრამ თუკი გაჟონილი ინფორმაცია ზუსტია, მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ არა მარტო ყველაფერი უნდა გააკეთოს მის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში მისაწოდებლად, არამედ კვლავ განიხილოს F-16-ის ან სხვა საჭირო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს - იქნება ეს F-16 ტიპის გამანადგრებლების, АТАCМS-ის ტაქტიკური რაკეტების, ჭურვებისა თუ დიდი სიშორის ზუსტი დამიზნების შეიარაღების მიწოდება, - ყველაფრისა, რაც აიძულებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის გამოყენება ადგილად, საიდანაც იგი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტი დგას, ხომალდები ზღვაში გადიან, უკრაინელთა სახლებს რაკეტებს უშენენ, რის შემდეგაც პორტში ბრუნდებიან. რატომაც არ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სევასტოპოლში მდგომი შავი ზღვის ფლოტის, საჰაერო სამხედრო ძალების ან იმ უპილოტოების გაუვნებელყოფაში, რომლებსაც ყირიმიდან უშვებენ?!" - დასძენს ჰოჯესი.