
გვრიტიშვილი – აშშ-ში გამგზავრებაზე უარს სამი მოსამართლე აცხადებს
13/04/2023 11:58:56 სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მოსამართლეებისთვის თვის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე უარს სამი მოსამართლე აცხადებს.
მისი ცნობით, უარის შესახებ საბჭოში შესულია ოფიციალური განცხადებებიც.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში”, – აცხადებს გვრიტიშვილი.
მას მიაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი:
„ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ".