
ტაივანთან დაკავშირებით ბერბოკს და მაკრონს განსხვავებული ხედვები აქვთ
13/04/2023 14:40:33 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანელენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი არ შეიძლება, გულგრილი იყვნენ ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ. ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ჩინეთში განაცხადა.
გერმანელი დიპლომატის თქმით, ტაივანის სრუტეში სამხედრო ესკალაცია მოვლენების ყველაზე ნეგატიური განვითარება იქნება:
„გერმანია და ევროკავშირი ეკონომიკურად მოწყვლადია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება, ვიყოთ გულგრილები ტაივანის სრუტეში დაძაბულობის მიმართ“.
მისივე თქმით, გლობალური ვაჭრობის 50% და მიკროჩიპების 70% ტაივანის სრუტეზე გადის, ამიტომ, ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებშია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის თავისუფლება.
ამ თემაზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც, თუმცა აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას. მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში:
„ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“.
მანამდე ჩინეთში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „ევროპა არ უნდა იყოს ტაივანის საკითხზე აშშ-ის პოზიციის მიმდევარი და უნდა აირიდოს თავიდან იმ კრიზისებში ჩათრევა, რომლებიც ევროპის არ არის“.