
FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავა
13/04/2023 19:20:03 მსოფლიო
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში “სამართალდამცავების სანქცირებულ ოპერაციაზე.”
მედიის ცნობით, დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე ჯეკ ტეიშეირაა. სოცქსელებში სავარაუდოდ ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო მასალაც ვრცელდება.
მანამდე The Washington Post წერდა, რომ პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის წყარო ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც დოკუმენტებს დახურულ "ჩათში" ე.წ. „გეიმერებისთვის" აქვეყნებდა“.
გამოცემის ცნობით, იგი ამ დოკუმენტებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები“.
The Washington Post–ის ცნობით, გამოცემამ მოახერხა დახურული "ჩათის" მონაწილეებთან დაკავშირება Discord მესენჯერში, სადაც გამოჩნდა საიდუმლო დოკუმენტები.
"ჩათი" იმ "გეიმერებს" აერთიანებს, რომლებიც გატაცებულნი არიან იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით და ქრისტიანობით. "ჩათში" შესვლა მხოლოდ მოწვევით ხდებოდა. ჟურნალისტებმა მოახერხეს "ჩათში" გამოქვეყნებული თითქმის სამასამდე საიდუმლო დოკუმენტის გაცნობა. ჯგუფის ორმა წევრმა გამოცემას განუცხადა, რომ მათ იციან იმ პირის ნამდვილი სახელი, რომელმაც გამოაქვეყნა დოკუმენტები, მაგრამ არ გაამჟღავნებენ მის ვინაობას, სანამ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს.
ეჭვმიტანილის აღწერისას მისი ნაცნობები ამბობენ, რომ იგი დაახლოებით 20-25 წლისაა, ნავარჯიშევი და ქარიზმატულია. თავად გაჟონვის სავარაუდო წყარო დახურულ "ჩათში" ჰყვებოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის საჭირო დროის ნაწილს სპეციალურ ოთახში ატარებდა, სადაც ელექტრონული მოწყობილობების შეტანა შეუძლებელია. იგი საიდუმლო ინფორმაციას "ჩათის" მონაწილეებს უყვებოდა და როდესაც მათ მის შეტყობინებებზე რეაგირება შეწყვიტეს, მან დაიწყო დოკუმენტების ფოტოების გამოქვეყნება - ზოგიერთი მათგანი შეიცავდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დეტალურ დიაგრამებს და უკრაინის ელექტროსადგურებზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგების შესახებ საიდუმლო სატელიტურ სურათებს. სხვა დოკუმენტებში ნაჩვენები იყო შეერთებულ შტატებზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული დარტყმის შესაძლო ტრაექტორია", – წერდა The Washington Post
როგორც გამოცემა აღნიშნავდა, "ჩათის" მონაწილეებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, აზიის ქვეყნებიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.
"ჩათის" მონაწილეებს არ სჯერათ, რომ გაჟონვის ავტორი უცხოური დაზვერვის აგენტია. მაგრამ იქ ისინი აღნიშნავენ, რომ საუბრებში წყარო აკრიტიკებდა აშშ-ის მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო საზოგადოებას მათი სურვილის გამო "ჩაახშონ თავიანთი მოქალაქეები და ისინი სიბნელეში ამყოფონ", – იტყობინებოდა გამოცემა.
ორშაბათს პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები "სერიოზულ რისკებს შეიცავს ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის". გაჟონვის შედეგების შესასწავლად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ჯგუფი შეიქმნა. ამასთან, უწყება საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების გამკაცრებას გეგმავს.