
მარიუპოლის მერმა ქალაქში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა
14/04/2023 06:40:41 ევროპა
უკრაინის ხელისუფლების მიერ დადასტურებული მონაცემებით, რუსეთის მიერ დანგრეულ და ოკუპირებულ მარიუპოლში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
„ჩვენი ოფიციალური დადასტურებული მონაცემებით, დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი. ეს არის ის, რისი დათვლაც შევძელით. ჯერ ვცადეთ და ჩავწერეთ, შემდეგ ასეთი შესაძლებლობა აღარ იყო, რადგან იყო ძალიან ძლიერი ხანძარი – მათ გამოიყენეს ავიაცია, გემები შევიდნენ აზოვის ზღვაში“, - თქვა ბოიჩენკომ.
მისი თქმით, დანაკარგების დათვლა შესაძლებელი იყო მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფებოდნენ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილი მონაცემები იყო "ძალიან ფრთხილია".
„რიცხვი ძალიან კონსერვატიულია და მისი დადგენა მაინც საჭირო იქნება, რადგან, ქალაქში ყოველი მეორე შენობა აღარ არსებობს. ანუ, ქალაქის 50%, სამწუხაროდ, განადგურებულია“, - განაცხადა ბოიჩენკომ.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მარიუპოლში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
„24, 25, 26 თებერვალს ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ქალაქიდან გასულიყვნენ, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. იყო დამატებითი მატარებლები, რომლებიც, სამწუხაროდ, ქალაქს 50%-ზე ნაკლები დატვირთვით ტოვებდნენ. მაგრამ ამ დროს 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მაინც დატოვა ქალაქი. დარჩა ალყაშემორტყმულ ქალაქში დაახლოებით 40 0000. შემდეგ, რთულ პირობებში, მათ დაიწყეს გასვლა 13 მარტიდან და ეს გრძელდებოდა 20 მაისამდე,”- თქვა მან.
მერის თქმით, მარიუპოლის დაახლოებით 200 ათასი მცხოვრები ამჟამად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
რუსულმა ჯარებმა მარიუპოლი დაიკავეს 2022 წლის მაისში სისხლიანი ბრძოლებისა და ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურდა დაბომბვით. გაეროს შეფასებით, ქალაქში განადგურდა ან დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების დაახლოებით 90% და კერძო სახლების დაახლოებით 60%. რუსეთის ჯარები მარიუპოლში მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. მოსკოვი ამას უარყოფს.