
გერმანიამ სომხეთს პარალელური იმპორტისა და რუსეთში საბანკო გადარიცხვების დაბლოკვა მოსთხოვა – მედია
14/04/2023 12:50:33 კავკასია
გერმანიის ხელისუფლებამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მარტის დასაწყისში ბერლინში ვიზიტის დროს მოსთხოვა, დაბლოკოს პარალელური იმპორტი და საბანკო გადარიცხვები რუსეთში, –წერს Hraparak ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ერევანში დაბრუნების შემდეგ ფაშინიანმა მოიწვია ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელი და დაავალა, მკაცრად დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
იმ მომენტიდან სომხურმა კომპანიებმა, რომლებმაც ფული გამოიმუშავეს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლით, დაკარგეს მანამდელი შემოსავალი, აღნიშნავს Hraparak. აეროპორტშიც კი დაწესებულია მკაცრი კონტროლი, რათა მგზავრებმა ბარგით ან აქსესუარებით არ გადაიტანონ რუსეთისთვის საჭირო მიკროჩიპები. ასევე კომპანიებს აღარ შეუძლიათ საბანკო გადარიცხვები აშშ-სა და ევროკავშირში საქონლის შესაძენად. გაძლიერდა კონტროლი რუსი მომხმარებლების საბანკო ოპერაციებზე, –იტყობინებოდა სომხეთის ცენტრალური ბანკი 7 აპრილს.
„დასავლეთის კომერციული ბანკები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, ახლა განიხილავენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გარიგებებზე კონტროლის სისტემას, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გამკაცრდა პირობები რეგიონის ყველა ბანკის, მათ შორის სომხური ბანკების საგარეო ტრანზაქციებისთვის", - თქვა მარეგულირებელმა.
გერმანიაში ვიზიტის დროს ფაშინიანმა დაარწმუნა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომ ერევანი არ ეხმარებოდა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში.
„მინდა, ვთქვა, რომ გაიზარდა არა მხოლოდ იმპორტი ევროკავშირიდან სომხეთში, არამედ ექსპორტი სომხეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში და ეს ასევე განპირობებულია იმით, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ურთიერთობის დამყარებით. რაც შეეხება ხმებს სანქციების გვერდის ავლის შესახებ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭორები. რეალობა პირიქითაა“, - აღნიშნა მან.
2022 წელს იმპორტი გერმანიიდან სომხეთში გაიზარდა 2,5-ჯერ, 450 მილიონ ევრომდე, ხოლო ექსპორტი სომხეთიდან გერმანიაში მხოლოდ 35%-ით, 100 მილიონ ევრომდე. სომხეთმა გერმანიიდან შეიძინა მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა საქონელი გადამამუშავებელი მრეწველობისთვის.
ევროკავშირი ეჭვობს, რომ სომხეთი და დსთ-ს სხვა ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს უკრაინის ომისთვის სანქციების გვერდის ავლით. „ჩვენ ვხედავთ ევროკავშირიდან რუსეთში სავაჭრო ნაკადების დიდ კლებას და უჩვეულო ზრდას მესამე, განსაკუთრებით რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებთან“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში დევიდ ო’სალივანმა.
ევროკავშირი გეგმავს, მკაცრად მოეკიდოს ამ საკითხს და მსჯელობს, როგორ დასაჯოს მესამე ქვეყნები მოსკოვისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის.