
„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს
17/04/2023 09:52:35 მსოფლიო
„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს.
მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და რუსეთმა ვერ მიიღოს თანამედროვე შეიარაღება სხვა ქვეყნებისგან.
ამასთან, მათი განცხადებით, „დიდი შვიდეული“ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლის გაზრდის პროცესში.
ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. მათ ასევე დაგმეს პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ.